მთავარი ჩვენს შესახებ სერვისები სიახლე კონტაქტი Google Search
რას მოიცავს ადამიანის უფლეების დაცვა
ადამიანის უფლებები არის ზოგადი უფლებები, რომლებიც გააჩნია ყოველ ადამიანს, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ ნებისმიერი სხვა თვისებისა. ამ უფლებებს ადამიანებს არავინ ანიჭებს და ვერავინ წაართმევს (შესაძლებელია მათი ნაწილობრივი შეზღუდვა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, პატიმრობის დროს), ისინი ადამიანისგან განუყოფელი უფლებებია მისი დაბადებიდან სიკვდილამდე. ადამიანის უფლებები ეფუძნება ქცევის წესებს და ეთიკურ ღირებულებებს, რომლებიც საერთოა მრავალი სხვადასხვა კულტურისათვის. მათი პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოფს ადამიანების ცხოვრებას დამოუკიდებლად და ღირსებით, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. მრავალი მორალური და ინტელექტუალური ნორმა ეფუძნება იმის აღიარებას, რომ ადამიანის უფლებები კანონებსა და კულტურულ ტრადიციებზე უფრო მაღლა დგას. დღეისათვის მიღებულია მრავალი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებშიც ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია ადამიანის ძირითადი უფლებები და აღიარებულია მათი უპირატესობა სხვადასხვა კულტურულ-ისტორიული თუ პოლიტიკური სისტემების ფარგლებში მოქმედ წესებთან და ნორმებთან შედარებით. ადამიანის უფლებების სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის ანახმად, ადამიანის უფლებათა ხუთ ძირითად ჯგუფს განარჩევენ: ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში”, რომელიც ფუძემდებლურ დოკუმენტს წარმოადგენს ამ სფეროში, აღიარებულია, რომ ადამიანის უფლებები არის თანდაყოლილი, თანმხლები, საყოველთაო, განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული.
ბიზნესი და ადამიანის უფლეები
ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა ნებისმიერი საწარმოს სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და თანაბრად მოეთხოვება ყველა ორგანიზაციას. პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და აღიაროს ამ უფლებათა მნიშვნელობა. ერთი მხრივ, თავად ორგანიზაციამ არ უნდა დაარღვიოს ეს უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ეს უფლებები ირღვევა სხვათა მიერ, არ უნდა იყოს უმოქმედოდ, ანუ თავისი პასიურობით არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის თანამონაწილე. კერძოდ, პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ უნდა: პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები და აღიაროს ამ უფლებათა საყოველთაო ხასიათი
  • დაიცვას ადამიანის უფლებებთან მიმართებით იმ ქვეყანათა ნაციონალური კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებშიც იგი საქმიანობს
  • გამონახოს გზები ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციისა და თავიდან აცილების მიზნით, თუ დარღვევები უშუალოდ უკავშირდება მის ბიზნეს საქმიანობას, პროდუქციას ან სერვისებს მაშინაც კი, როდესაც კომპანია უშუალოდ არ არის ამგვარი დარღვევების მიზეზი
  • ჩაატაროს სათანადო შემოწმება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, კომპანიის ზომის, საქმიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკების სერიოზულობის გათვალისწინებით
  • იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის საქმიანობა რაიმე სახის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ითანამშრომლოს სამთავრობო და სხვა უწყებებთან ამ ზიანის გამოსწორების მიზნით
  • ისეთ სიტუაციებში, სადაც ადამიანის უფლებები არ არის დაცული, გადადგას ნაბიჯები მათ დასაცავად და არ გამოიყენოს ეს სიტუაციები თავის სასარგებლოდ
  • როდესაც ქვეყნის კანონმდებლობა ან მისი განხორციელების ხარისხი არ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა სათანადო დაცვას, იხელმძღვანელოს საერთაშორისო შეთანხმებებითა და სტანდარტებით ამ სფეროში
  • შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში პატივი სცეს ჰუმანურობის საერთაშორისო სტანდარტებს.
  • ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო დონეზე

    გაერო მთავარი საერთაშორისო ორგანოა, რომელიც საერთაშორისო დონეზე იცავს ადამიანის უფლებებს საყოველთაოდ მიღებული იურისდიქციით - ადამიანის უფლებების საყოველთაო კანონმდებლობით. გაეროს ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოა „ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისი“. გაეროს ასევე აქვს ალტერნატიული მანდატი: „საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რომელიც ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, ასევე ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების გავრცელებასა და მხარდაჭერაზე ყველასთვის რასის, სქესის, ენის და რელიგიის მიუხედავად.“ ადამიანის უფლებების დარღვევებს მონიტორინგს უწევს ასევე მთელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International, Human Rights Watch, World Organisation Against Torture, Freedom House, International Freedom of Expression Exchange და Anti-Slavery International. ეს ორგანიზაციები აგროვებენ მტკიცებულებებს და დოკუმენტაციას ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ და ადვოკატირებენ ადამიანის უფლებების დაცვისაკენ. ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდის ჩათვლით, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის რეგულირების საგანი.